საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ღია წერილით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ მინისტრის განცხადებამ ფსიქიატრების მიმართ დამოკიდებულების საფრთხე გააჩინა:

"თქვენი გამოსვლის შემდეგ ფსიქიატრების მიმართ დამოკიდებულებას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. უამრავმა პაციენტმა, ოჯახის წევრმა და უფლებადამცველმა მოგვმართა შეკითხვით, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს თქვენს გამოსვლაში მოყვანილი ფაქტები".

ფსიქიატრები ჯანდაცვის უწყებისაგან ითხოვენ, რომ მონიტორინგის მონაცემები, ანუ ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოადგინოს და აღნიშნული საკითხის "არსებითი განხილვა" დაიწყოს:

"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროფესიული ღირსება საფრთხეშია, მოგმართავთ თხოვნით, რომ თქვენს ხელთარსებული მონიტორინგის მონაცემები გაგვაცნოთ და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ამ საკითხის არსებითი განხილვა დაიწყოს.

ფსიქიატრიის მიმართ ზოგადად და, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ცნობილი მოვლენების გამო, საზოგადოების დამოკიდებულება საკმაოდ დისკრიმინაციული და სტიგმატიზებულია. ჩვენს სპეციალობაში პაციენტის ნდობის მოპოვება და ნებაყოფლობით მისი მკურნალობის პროცესში ჩართვა უაღრესად რთულია და მედპერსონალის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს. ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში ახალი ტიპის განყოფილებების შექმნამ მნიშვნელოვნად შეცვალა ეს დამოკიდებულება, ვინაიდან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს გაუჩნდა განცდა, რომ მას არა როგორც სოციალურად საშიშ, არამედ როგორც სამედიცინო საჭიროების მქონე პირს ისე ექცევიან და თავად შეუძლია განსაზღვროს როდის მივიდეს სტაციონარში და როდის გაეწეროს. დაინახა, რომ არავინ აპირებს მის გამომწყვდევას გისოსებიან იზოლატორში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ფსიქიკური ჯანდაცვის განვითარებისთვის".