თბილისში, სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროში 30 იანვარს, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა შენობა, დაზარალდა ათობით მოვაჭრე, რომლებსაც სავაჭრო ცენტრში და მის მიმდებარე ბაზრობებზე ტანსაცმლის, ავეჯის, ოქრო-ვერცხლის მაღაზიები ჰქონდათ.

31 სახანძრო ბრიგადა დაახლოებით 12 საათი ცდილობდა ხანძრის ჩაქრობას. მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან იმყოფებიან მოვაჭრეები, რომლებმაც ათასობით ლარი იზარალეს.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში". თბილისი, 30 იანვარი, 2017 წ.

ფოტო: On.ge / თორნიკე მანდარია

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში". თბილისი, 30 იანვარი, 2017 წ.

ფოტო: On.ge / თორნიკე მანდარია

სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, დიდი საშიშროება არსებობდა, რომ ხანძარი კიდევ უფრო მასშტაბური ყოფილიყო, თუმცა ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, მხოლოდ პატარ-პატარა კერებია დარჩენილი:

"ჩვენმა მეხანძრეებმა თავისი გმირული მუშაობით შეძლეს, რომ გადაერჩინათ გვერდზე მდგომი შენობები, რისი დიდი საშიშროებაც იყო. იყო საშიშროება ხანძარი ჩასულიყო მეტროპოლიტენში. მეხანძრეებმა შეძლეს ხანძრის სხვადასხვა მიმართულებით შეჩერება და ამ ეტაპზე, ჩვენდა სამწუხაროდ, განადგურებული არის ყოფილი ბავშვთა სამყაროს შენობა. გარედან მიმდინარეობს ამ ეტაპზე დაქრობითი სამუშაოები, მაგრამ არ გამოირიცხება, რომ პატარ-პატარა კერები შიგნით არსებობს. სარდაფში, ძირითად ნაწილში ყველგან ჩამქრალია."

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში". თბილისი, 30 იანვარი, 2017 წ.

ფოტო: On.ge / თორნიკე მანდარია

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში". თბილისი, 30 იანვარი, 2017 წ.

ფოტო: On.ge / თორნიკე მანდარია

მოვაჭრეები მედიასთან საუბარს თავს არიდებენ. ზოგი უბრალოდ თავის სახელს არ ამბობს, რადგან პრობლემების ეშინია, თუმცა On.ge-მ რამდენიმე ადამიანთან გასაუბრება მაინც მოახერხა. ერთ-ერთი დარეჯან პეტრიაშვილია. ის ტანსაცმლით ვაჭრობს. დილის 6 საათიდან აქ არის და ამბობს, რომ მოსვლის წუთიდან ოთხივე მხარეს, სამივე სართულზე ერთიანად იწვოდა შენობა:

"რომ მოვედით იმ წუთიდან ოთხივე მხარეს, სამივე სართულზე, ოთხივე კუთხეში ერთიანად იწვოდა, მთლიანად მოდებული იყო. ასეთი ხანძარი არ მინახავს. 2 სახანძრო აქრობდა. არაფერი არ არის გადარჩენილი. მთლიანად დამწვარია. პასუხისმგებლობა დირექციას დააკისრეს, გამოდის, რომ ხალხი დაღუპულია."

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ პასუხისმგებლობა მთლიანად ადმინისტრაციას დააკისრა.

"პირველ რიგში, ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც აქ მოხდა. ამ ადამიანებს ხელშეკრულებები ჰქონდათ ბაზრობის ადმინისტრაციასთან, მათ აქვთ თავიანთი უფლება-მოვალეობები და პასუხიმგებლობები და უნდა გასცენ ამ ხალხს პასუხი," - განაცხადა ნარმანიამ.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში". თბილისი, 30 იანვარი, 2017 წ.

ფოტო: On.ge / თორნიკე მანდარია

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში". თბილისი, 30 იანვარი, 2017 წ.

ფოტო: On.ge / თორნიკე მანდარია

"არ არსებობს, რომ ცეცხლი ასე ერთიანად მოსდებოდა"; "ადრეც გაჩნდა ცეცხლი, მაშინ დღე იყო და მოვასწარით ევაკუაცია. ახლა ღამე გააჩინეს, რომ ვერ მოგვესწრო ევაკუაცია"; "სპეციალურად გააჩინეს"; "დღისით გვაქვს გამათბობლები ჩართული, ღამით კაბელებს რა დატვირთვა ექნებოდა?" - მოვაჭრეების დიდი ნაწილი, რომელსაც On.ge ესაუბრა აღნიშნავდნენ, რომ ცეცხლის გაჩენა შემთხვევითობა არ არის. დარეჯან პეტრიაშვილის თქმით, ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა მას მოლოდინი აქვს, რომ ოფიციალურად კაბელებს "დააბრალებენ", რადგან ეს ყველაზე მარტივი ვერსიაა:

"სხვადასხვა ვერსიაა ხანძრის, თუმცა ოფიციალურად გამოაცხადებენ, რომ კაბელებიდან გაჩნდა იმიტომ, რომ ყველამ პასუხისმგებლობა აირიდოს. ყველაზე მარტივი ვერსია ეს არის. ბოლო წუთამდე, სანამ ცეცხლი კარგად არ გაჩდა, სახანძრო არ მოსულა. ერთნაირად ეკიდა მთელს შენობას."

მოვაჭრეებმა On.ge-ს უთხრეს, რომ კერძო დაზღვევა არ აქვთ. იმავეს ამბობს დარეჯან პეტრიაშვილიც:

"დაზღვევა არ გვაქვს. იმ დონეზე არ ვართ, რომ დაზღვევა გვქონდეს."

ამასთან, როგორც აღმოჩნდა, დაზღვეულია ბავშთა სამყაროს შენობა, თუმცა ის მოვაჭრეების მარაგსა და საქონელს არ ითვალისწინებს.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში". თბილისი, 30 იანვარი, 2017 წ.

ფოტო: On.ge / თორნიკე მანდარია

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში". თბილისი, 30 იანვარი, 2017 წ.

ფოტო: On.ge / თორნიკე მანდარია

ერთადერთი, რისი გადარჩენის იმედიც მოვაჭრეებს აქვთ, სეიფებში შენახული ძვირფასეულობაა. სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მოსახლეობას შენობაში შესვლის და გადარჩენილი ქონების გამოტანის საშუალება ექსპერტების შეფასების შემდეგ მიეცემა. მისივე განცხადებით, "ის მონაკვეთი, სადაც ინახება ოქროული არის მთლიანად დაცულ მდგომარეობაში."

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 187 მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

არსებობს მოლოდინი, რომ ზარალი მილიონებს აჭარბებს, რადგან დამწვარ 13 ათას კვადრატულ მეტრზე ათასამდე მოვაჭრე მუშაობდა, მათ ჰქონდათ ოქრო-ვერცხლის, ტექნიკის, ავეჯის, ქსოვილების, სათამაშოების, ასევე, ტანსაცმლის მაღაზიები.