ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ახალი ფილმი ჩემი ბედნიერი ოჯახი, რომლის პრემიერაც სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა, ამერიკული და ევროპული პრესისთვის წლის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა.

Villagevoice-ს შემდეგ, რომელმაც ნამუშევარი 2017 წლის ერთ-ერთ საუკეთესო კინოსურათად დაასახელა, ფილმმა Theplaylist-ის კინომიმომხილველი ენდრიუ კრამპიც მოხიბლა. მისი სიტყვების თანახმად, ჩემი ბედნიერი ოჯახი კომპლექსური, საინტერესო და ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური ფილმია.

"ჩემი ბედნიერი ოჯახი გამორჩეულად სევდიანი ფილმია, სადაც მცდელობების მიუხედავად იუმორის ადგილი აღარ რჩება და მელანქოლია უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ნანა და სიმონი ბრწყინვალედ ახერხებენ, ეტაპობრივად მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა არის ოჯახი, რა არის ბედნიერება, სად არის ბედნიერება და მრავალი სხვა, თუმცა ამას დამრიგებლური ტონით არ აკეთებენ. ფილმში კარგად ჩანს, თუ როგორი რთულია შენი პასუხი იყოს - დიახ, როცა გინდა თქვა - არა", - წერს ენდრიუ კრამპი.

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმზე საკუთარ რეცენზიას The Hollywood Reporter აქვეყნებს.

ჯორდან მინტზერი წერს, რომ ჩემი ბედნიერი ოჯახი ერთდროულად ჰგავს ვუდი ალენის ფილმსაც და ბერძნულ ტრაგედიასაც.

"ჩემი ბედნიერი ოჯახი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ებრძვიან ქალებს ყველგან - ქუჩაში, სამსახურში და ოჯახშიც კი. ეს უკანასკნელი კი ყველაზე მეტად გაიძულებს გაქცევას, მაგრამ ყველაზე სახიფათო ბრძოლა მაშინ იწყება, როცა აცნობიერებ, რომ შესაძლოა გასაქცევი არსად გქონდეს. ნანასა და სიმონის ფილმში არის რამდენიმე სცენა, რომელიც ვუდი ალენის ფილმებს მოგაგონებთ, განსაკუთრებით - ენი ჰოლს", - წერს ავტორი.

ჩემი ბედნიერი ოჯახის პრემიერა უკვე შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგი გაჩერება ბერლინალეა, წლის ბოლომდე კი ფილმს ქართველი მაყურებელიც იხილავს.