გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის მიმდებარედ.

ოფიციალური ინფორმაციით, ბრაკონიერობის ფაქტი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოავლინეს. ამჯერად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონადირეთა ექვსკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ. ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, ბრაკონიერები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. შედგა შესაბამისი ოქმი. გარემოსთვის მიყენებულ ზიანის ოდენობამ ხუთი ათასი ლარი შეადგინა. ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნება.