საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო დღეს, აქციის მონაწილეების მაუწყებლის ფოიეში შემოჭრის ფაქტს ეხმაურება. აღნიშნულ განცხადებას უცვლელად:

„9 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეები ნებართვის გარეშე შემოიჭრნენ მაუწყებლის ფოიეში და ძალადობრივი გზით გავიდნენ პირდაპირ ეთერში.

ამ ფაქტს ვაფასებთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის უხეშ ხელყოფად. ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს.

მომხდარი ფაქტი არის სახიფათო პრეცედენტი, საგანგაშო სიგნალი, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომ ნორმალურ ფუნქციონირებას. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში და პირდაპირ ეთერში შეჭრის ფაქტი უნდა გახდეს საზოგადოების მხრიდან აქტიური მსჯელობის საგანი, რათა ადეკვატურად გავაცნობიეროთ მომხდარის მნიშვნელობა და თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები.

მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, მედიის ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, ნუ წაახალისებენ ძალადობას და გაემიჯნონ აგრესიულ ქმედებებს“.

სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115–ის წევრები დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციას მართავდნენ, რის შემდეგაც ისინი შენობაში შეიჭრნენ, მოითხოვეს პირდაპირი ეთერი, რათა წაეკითხათ განცხადება.