პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით "აღკვეთილია ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული და ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა".

გიორგი კვირიკაშვილის ცნობით, უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად, მან ბერლინში საკუთარი დაცვის წევრები გაგზავნა, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად:

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ იმუშავეს ოპერატიულად, ეფექტურად, ზედმეტი ხმაურის გარეშე და მათ თავიდან აგვაცილეს ეს დიდი უბედურება.

პირველივე წუთებიდან, როგორც კი სამართალდამცავებმა მომაწოდეს ინფორმაცია, ეს საქმე, ბუნებრივია, აყვანილი მაქვს პირად კონტროლზე და პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციას.

მთავარია, რომ ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მთელი გულით ვუსურვებ მას მალე გამოჯანმრთელებას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვაპირებ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე, დაგეგმილზე ადრე გავემგზავრო გერმანიაში და პირადად ბერლინში მოვინახულო მისი უწმინდესობა".

მთავარი პროკურატურის ცნობით, 2017 წლის 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ. უწყების განცხადებით, უცნობმა პირმა მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მამალაძეს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.