ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი, ნიკა გვარამია გამოკითხვაზე არ მიდის. მისი თქმით, ის არ ენდობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ითხოვს ჩანაწერებისთვის დამოუკიდებელ ექსპერტიზას და სასამართლოს საშუალებით დაკითხვას. ამის შესახებ გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

გვარამია მისი საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზსაც შეეხო. მისი თქმით, ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, მასა და მამუკა ახვლედიანის გარდა საუბარში მესამე პირიც მონაწილეობდა.

"ჩანაწერი, რომელზეც საუბარია ჩემ მიერაა გაკეთებული, ის გრძელდება საათზე მეტ ხანს ის მიმდინარეობს სამ პირს შორის. იქ ფიგურანტი არის სამი პირი. თანხასთან დაკავშირებით მე ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მესამე პირს. ის მესამე პირი არის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირი. არ გავეცი მისი ვინაობა. ის მესამე პირი მესაუბრება როგორ აპირებს ხელისუფლება რუსთავი 2-ის გაგუდვა. მე ვესაუბრებოდი, რომ კონტრაქტი რომელიც დავდეთ ითვალისწინებდა 6 მილიონიან ინვესტიციას," - აღნიშნა გვარამიამ, რომლის თქმითაც, ჩანაწერს, რომელსაც მტკიცებულებად იყენებენ არაკანონიერი გზითაა მოპოვებული.

მისი თქმით, ხელისუფლება ამით ცდილობს მოსამართლეებზე ზეწოლას. გვარამიას ინფორმაციით, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების მიმართ ზეწოლაა.

"რუსთავი 2-ის თავზე შავი ღრუბელი შეკრულია და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ვემზადებით. ამ დღეებში გადაწყდება რუსთავი 2-ისა და ქართული დემოკრატიის ბედი," - განმარტა მან, რომლის თქმითაც, ტელეკომპანიის თანამშრომლები მხარდამჭერებთან ერთად კვირას, თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციას გეგმავენ.

გვარამია განმარტავს ახვლედიანთან საუბრის დეტალებს. მისი თქმით, ახვლედიანს ის საკუთარი სურვილით არ შეხვედრია. შეხვედრის მიზანი კი იყო, გაეგო იყო თუ არა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისთვის კორუფციის ფაქტების შესახებ ცნობილი. რაზეც ახვლედიანმა უპასუხა, რომ მისთვის მსგავსი ფაქტების შესახებ ცნობილი არ იყო.