რამდენიც არ უნდა ვიმეოროთ, რომ ყველა დღე სიყვარულისთვისა არის განკუთვნილი და ვალენტინობას განსაკუთრებული აღნიშვნა არ სჭირდება, 14 თებერვალი მაინც განსაკუთრებული დღეა. ამ დღეს შეყვარებულები ერთად, რომანტიკულ გარემოში ატარებენ და ერთმანეთს საჩუქრებით ანებივრებენ.

ხშირად ამბობენ, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა აუცილებლად გაესინჯება კბილიც და სხვა დანარჩენიც, რადგან საყვარელი ადამიანისაგან მხოლოდ რამე სიმბოლურს, ორიგინალურსა და დაუვიწყარს ველით.

რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ადამიანს - თავად უნდა იცოდეთ. ხოლო რა არ უნდა აჩუქოთ - ჩვენ გეტყვით.

1. არაფერი

ფოტო: Dusan Petkovic/shutterstock

რა თქმა უნდა, როდესაც საყვარელი ადამიანი არაფერს გჩუქნის, ძალიან ცუდია, მაგრამ გული არ დაგწყდეთ, ზოგი საჩუქრის ჩუქებას არაფრის ჩუქება ჯობია.

2. 20 ხინკალი & ლუდი

ფოტო: yourdeliciousfood

ხინკალი გემრიელი ქართული კერძია, რომლის დასაგემოვნებლადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ თუ ვალენტინობის დღეს ძმაკაცთან ერთად არ ატარებთ, 20 ხინკალსა და კათხა ლუდზე "ნუ გადაივლით".

3. ბევრი სანთელი

ფოტო: pinterest

ფანჯრის ქვეშ სანთლების დანთება და ხმის იოგების წავარჯიშება ცუდი და ბანალური იდეაა.

4. დიდი დათუნია

ფოტო: Aynur_sib/shutterstock

დიდი სათამაშო დათვის ჩუქება მოძველებული და გაცვეთილი ხრიკია საყვარელ ადამიანზე ეფექტის მოსახდენად. მერე ეს დათვი სახლში დევს და იმტვერება ხოლმე. თან, ვიზუალურადაც არ ბრწყინავს.

5. საფულე

ფოტო: thanatuy/shutterstock

საფულე, ქამარი, საათი, სანთებელა - ეს იმ ნივთების ჩამონათვალია, რომლებსაც ყველაზე ხშირად ჩუქნიან ბიჭებს. რატომღაც არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ბიჭების გულის მოგება პირველივე მაღაზიაში ნაყიდი ტყავის საფულით ან სანთებელით არის შესაძლებელი.

6. ვარდი

ფოტო: pexels

ყველას არ უყვარს ყვავილები და მათგან, ვისაც ყვავილები უყვარს, ვარდები ყველას არ უყვარს. ასე რომ, თუ ზუსტად იცით, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს ბუნებასთან განსაკუთრებული კავშირი აქვს, ცოცხალი მცენარე აჩუქეთ თავისი ლამაზი ქოთნით.

7. მისალოცი ღია ბარათი

ფოტო: mrwallpaper

მისალოცი ბარათი შესანიშნავი არჩევანია.... თუ მეხუთე კლასში ხართ! ჯობია, ამ დღეს ცარიელი სიტყვებით არ შემოიფარგლოთ, რადგან სიტყვები სხვა დღესაც მშვენივრად ჭრის. 14 თებერვლისთვის რაიმე განსაკუთრებული იდეა გჭირდებათ.

8. ფული

ფოტო: KonstantinChristian / Shutterstock

შეყვარებულისათვის ფულის ჩუქებით თქვენი, როგორც კრეატიული, ყურადღებიანი და მოსიყვარულე ადამიანის იმიჯს სამუდამოდ გაანადგურებთ. ამაზე უარესი მხოლოდ 100-ლარიანი ვაუჩერი შეიძლება იყოს კოსმეტიკის მაღაზიაში.