იუსტიციის მინისტრი დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გამოძიებით არ დადგენილა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის დაგეგმვა.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ გაუგებრობებს არ აქვს ადგილი:

"არავითარ გაუგებრობას არ აქვს ადგილი, როგორც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქვეყანას ავაცილეთ თავიდან დიდი ტრაგედია, გამოძიება მიმდინარეობს არაერთი მიმართულებით და რამდენიმე უტყუარი ფაქტი, რომელზეც ბატონმა შოთაძემ უკვე ისაუბრა, არის სახეზე. უტყუარია ის ფაქტი, რომ პრევენციული, სამართლებრივი ღონისძიებების შედეგად ციანიდი ვერ ჩავიდა ბერლინში".

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი, გაზეთ რეზონანსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ პროკურორს არ უხსენებია პატრიარქის მკვლელობის მომზადება. მისივე თქმით, არც ის დადგენილა გამოძიებით, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა იგეგმებოდა.

მთავარი პროკურატურის ცნობით, 2017 წლის 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ.