შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ბრალდებული რუსთავში იმ დროს დააკავეს, როდესაც ავტომანქანით კონსტიტუციის ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 4 საბრძოლო ვაზნით ამოიღო. მათივე განცხადებით, ავტომანქანის ჩხრეკისას გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ვაზნა, ნიღბები და ხელთათმანები ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.