პირველი ქართულ-ფრანგული ანიმაციური ფილმის, ჯიბის კაცის ავტორი ანა ჩუბინიძე საკუთარი ფილმის პრემიერაზე წასასვლელად სპონსორს ეძებს.

ჩუბინიძე ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს, სადაც მისი ფილმის ჩვენება უნდა გაიმართოს, თუმცა შესაძლოა ანა ფესტივალს უსახსრობის გამო ვერ დაესწროს.

პატარა კაცი, ედგარი ძველ ჩემოდანში ცხოვრობს. ერთხელ ჩემოდანს უსინათლო ადამიანი გახსნის და სწორედ აქედან დაიწყება გამორჩეული მეგობრობის ისტორია. ედგარი მეგობრის ჯიბეში აგრძელებს ცხოვრებას.

ავტორი ამბობს, რომ ფილმის შექმნის იდეა 3 წლის წინ გაუჩნდა. იდეის ხორცშესხმაზე ფრანგულმა ანიმაციურმა სტუდიამ, Folimage-მა და ქართულმა სტუდიამ Kvali XXI ერთად იმუშავეს.

ანიმაციური ფილმის მსოფლიო პრემიერა მალე შედგება, სექტემბერში კი მას ქართველი მაყურებელი ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე იხილავს.