პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ტაბახმელაში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო:

"რეალურად აქ მიმდინარეობდა ის ბრძოლები, რომელიც თბილისის აღებამდე ბოლო ბარიერი იყო და ჩვენ ვაპირებთ აი აქ, იმ შემაღლებებზე, სადაც სანგრები იყო და სადაც ჩვენი სახელოვანი მამულიშვილები იცავდნენ დედაქალაქს, აღვადგინოთ ამ სანგრების ნაწილი, რათა ახალგაზრდებმა, ტურისტებმა და ჩვენ ყველამ ვნახოთ კონკრეტულად, სადაც იბრძოდნენ და სამშობლოსთვის თავს სწირავდნენ ჩვენი ქვეყნის დამცველები".

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მათივე სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, 1921 წლის თებერვალში გამართული ბრძოლის ადგილს არქეოლოგიურად შეისწავლიან და არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობის პირვანდელი სახე აღდგება.

იუნკერების მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობასა და საქართველოს პარლამენტის შენობებზე, სახელმწიფო დროშა დაუშვეს.