სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად თბილისის მერია პირველი მარტიდან საბუთების მიღებას იწყებს.

პროგრამის ფარგლებში ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ქულაზე ნაკლებია.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას წელს პირველად მიიღებენ დოქტორანტურის სტუდენტებიც. ახალი წესის შესაბამისად მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სასწავლო გრანტის ფარგლებში 50%- დან 100%-მდე დაფინანსდებიან.

დაფინანსების მისაღებად სტუდენტები უნდა სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ, აკრედიტებულ, სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.

პროგრამაში ჩასართავად და დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
  • ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
  • უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
  • I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა;
  • რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
  • სამოტივაციო წერილი.

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსებისთვის განცხადებების მიიღება მიმდინარე წლის 1 მარტიდან - 31 მაისის ჩათვლით (მის: შარტავას ქ. #7) გაგრძელდება.

2015-2016 წლებში სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 4500-მდე თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტი.