ტელეკომპანია იბერია რადიომაუწყებლობის დაწყებასაც გეგმავს. რადიომაუწყებლის ლიცენზიის კონკურსის გამოსაცხადებლად მან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უკვე მიმართა. კომისია კონკურსის გამოცხადებას 2 მარტს გეგმავს.

იბერიასთან ერთად რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსის გამოცხადების მოთხოვნით კომისიას შპს სუპერ ტვ-მაც მიმართა, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირია.

ტელეკომპანია იბერიას მფლობელები გუშინ შეეცვალა. ტელეკომპანია დეპუტატების ზაზა ოქუაშვილისა და ნატო ჩხეიძის ნაცვლად მათ შვილებს გიორგი და რატი ოქუაშვილებს ეკუთვნით.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა კომუნიკაციების კომისია ეროვნულ დონეზე კერძო რადიომაუწყებლობის უზრუნველსაყოფად კონკურსს გამოაცხადებს. ეროვნული მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების შემთხვევაში ვალდებულია, მაუწყებელი საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი დაფაროს. ლიცენზიის საფასური 68 162 ლარია.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე ადგენს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს. ბოლოს ჩატარებული (2016 წლის 10 მარტი) კვლევის მიხედვით, პრიორიტეტები შემდეგნაირად არის განსაზღვრული:

  1. საერთო რადიომაუწყებლობა;
  2. სათემო რადიომაუწყებლობა;
  3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა.

კონკურსში მონაწილეთა საბუთების მიღება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2017 წლის 3 აპრილის, 17:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.