კვლევამ დაადგინა, რომ გიგანტური პანდას მკვეთრ შავ-თეთრ შეფერილობას ორი ფუნქცია აქვს: კამუფლაჟი და კომუნიკაცია.

"პანდების შეფერილობა ბიოლოგებისთვის დიდი ხნის თავსატეხია, რადგან არც ერთ სხვა ცხოველს მსგავსი გარეგნობა არ აქვს, შესაბამისად, ანალოგიების მოყვანა რთულია. ამ კვლევაში სხეულის თითოეული ნაწილი დამოუკიდებელ არედ განვიხილეთ და დასკვნამდეც მივედით", ამბობს კვლევის ავტორი პროფესორი ტიმ კარო.

ამან მეცნიერთა ჯგუფს საშუალება მისცა, გიგანტური პანდას სხეულზე არსებული ბეწვის სხვადასხვა რეგიონები 195 სხვა ხორცის მჭამელისა და დათვის 39 ქვესახეობის მუქ და ღია შეფერილობებისთვის შეედარებინა. შემდეგ მათ სცადეს ამ რეგიონების სიმუქე სხვადასხვა ეკოლოგიურ და ქცევით ცვლადებს დაემთხვიათ, რათა განესაზღვრათ მათი ფუნქციები.

თოვლში ან ტყეში დამალვა

ამ შედარებების შედეგად კვლევამ აღმოაჩინა, რომ პანდას სხეულის დიდი ნაწილი - მისი სახე, კისერი, მუცელი, დუნდულები - თეთრია, იმიტომ რომ თოვლიან საცხოვრებელ გარემოში ადვილად დაიმალოს. მხრებისა და ფეხების სიშავე მას ჩრდილში დასამალად ეხმარება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ორმაგი შეფერილობა პანდების მწირი რაციონის გამო წარმოიქმნება. პანდები მხოლოდ ბამბუკით იკვებებიან და სხვა მცენარეების გადამუშავება უჭირთ. შედეგად, პანდებს არ შეუძლიათ ზამთრის ძილისთვის საკმარისი ცხიმი დააგროვონ ორგანიზმში. ამიტომ მათ მთელი წლის განმავლობაში აქტიური ცხოვრება, დიდ მანძილებზე და მოგზაურობა და სხვადასხვა ადგილებში ცხოვრება უწევთ, დაწყებული თოვლიანი მთებით, დამთავრებული ტროპიკული ტყეებით.

პანდას თავზე არსებული ნიშნები არა მტაცებლებისგან დასამალად, არამედ კომუნიკაციისთვისაა. მუქი ყურები, შესაძლოა, მძვინვარების გამოსახატად ეხმარება, რაც მტაცებლებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. ხოლო მუქი თვალსახვევები მათ ერთმანეთის ამოცნობაში ან აგრესიის სიგნალი გადასაცემად ეხმარებათ.