საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც გაასაჯაროვა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი. გასაჯაროებულ მასალებს შორისაა ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელიც თითქმის 18 წუთამდე გრძელდება. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი სასამართლოს ნებართვით ჩაიწერა საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ.

ფარულ ჩანაწერში ერთ მონაკვეთში ისმის მოწმე ირაკლი მამალაძის ხმა, სადაც ის ეუბნება გიორგი დეკანოზ მამალაძეს, რომ "კალიუმი აქვთ შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ ეს ნატრიუმი, ეტყობა საქმისთვის გამოიყენება. მომწამვლელი ჩვეულებრივი ისა აქვს, რა ვიცი მე".

ირაკლი მამალაძე დეკანოზს ასევე უხსნის, თუ რა შემთხვევაში აქვს მომწამლავი ეფექტი ნატრიუმის ციანიდს და რა შემთხვევაში არა.

ვიდეოში ასევე ისმის, ირაკლი მამალაძე სასულიერო პირს როგორ ეკითხება,თუ რას მიიღებს ის სანაცვლოდ, რაზეც დეკანოზი პასუხობს: "შენ კარგ ადგილს დაიკავებ".

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში საგამოძიებო უწყება საუბრობს იმის შესახებაც, რომ მამალაძის საქმეს დართული აქვს ამონაწერი დეკანოზის ტელეფონიდან, კერძოდ, საძიებო სისტემაში ძებნის ისტორია. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ინტერნეტში აქტიურად ეძებდა ინფორმაციას ციანიდისა და პატრიარქის არჩევის წესის შესახებ.

როგორც პროკურატურა ამტკიცებს, გიორგი მამალაძე გეგმავდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

ჯერჯერობით, გიორგი მამალაძის ადვოკატებს არ უსაუბრიათ იმის შესახებ, რამდენად ასახავს რეალურ საუბარს გიორგი მამალაძისა და ირაკლი მამალაძის ფარული ჩანაწერები, ხომ არ არის ისინი დამონტაჟებული, ან ხომ არ არის შეცვლილი შინაარსი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით On.ge შეეცდება ადვოკატების კომენტარი მოიპოვოს.