ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგეს.

როგორც ანა სუბელიანმა გვითხრა, სასამართლომ მათი სარჩელი თითქმის ბოლომდე დააკმაყოფილა და დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და სამწლიანი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

სუბელიანის თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელის ის ნაწილი, სადაც ისინი პირგასამტეხლოს ანაზღაურებას ითხოვდნენ. ახობაძე და სუბელიანი აღნიშნულის გასაჩივრებას აღარ აპირებენ.

2014 წელს ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ისინი მათ გათავისუფლებას თეა წულუკიანის პირად გადაწყვეტილებას უკავშირებდნენ, რადგან მათ ფეისბუკზე გააპროტესტეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის, დავით მაისურაძის, გათავისუფლება.

"2013 წლის ნოემბერში წულუკიანმა ამობეჭდა ჩვენი ფეისბუქ პოსტები და ჩვენი თანამშრომლების თვალწინ დეტალურად განიხილა ისინი, ლაიქებიან-კომენტარებიანად. იქვე მიაყოლა უსაინტერესოესი შეფასებები: "ნაციონალების ძლოკვები", "წინა მთავრობის გადმონაშთები", "პირსისხლიანი მთავრობის დანატოვრები" და მისთანანანი. მერე დაიწყო თვენახევრიანი შანტაჟი, ხანაც გარიგების მცდელობები, იმისთვის, რომ ჩვენით დაგვეტოვებინა თანამდებობები. საბოლოოდ მოუწიათ ჩვენი გათავისუფლება რეორგანიზაციით და იმის შემდეგ სასამართლოში ვდაობთ" - წერდა სუბელიანი რამდენიმე თვის წინ.

სუბელიანისა და ახობაძის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

2014 წელს ანა სუბელიანი თეა წულუკიანს კრიმინალური სამყაროს რომანტიზებაშიც ადანაშაულებდა.