თბილისის მერიისა და თბილისი სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით რამდენიმე მეტროსადგურის შეკეთება დაიწყო. განახლების პროცესი იმ სადგურებით დაიწყო, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე შეაკეთეს. მეტროსადგურების - ახმეტელის თეატრისა და ვარკეთილის ხელახლა შეკეთებაში 900 ათას ლარამდე დაიხარჯება.

რატომ გადაწყდა რამდენიმე წლის წინ შეკეთებული მეტროსადგურების ხელახლა შეკეთება?

თბილისში დღეს მოქმედი 21 მეტრსოადგურია, საიდანაც 2004 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გარემონტდა რვა - ისანი, წერეთელი, თავისუფლების მოედანი, ავლაბარი, ვარკეთილი, ახმეტელის თეატრი, ნაძალადევი, დიდუბე. 2017 წელს კი სულ შვიდი მეტროსადგურის განახლებაა დაგეგმილი, მათგან სამია ცნობილი - ვარკეთილი, ახმეტელის თეატრი და ავლაბარი. სამივე ის სადგურია, რომელიც ბოლო წლებში ერთხელ უკვე განახლდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ მეტროსადგურებს შეკეთება ისევ დასჭირდა:

"ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომლის მიხედვითაც თითქმის ყველა სადგური უნდა გარემონტდეს. წელსაც დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მეტროსადგურის რეაბილიტაცია, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაა რომელი სადგურები".

On.ge-ს კითხვაზე, საწყის ეტაპზე, რატომ გადაწყდა რამდენიმე წლის წინ შეკეთებული მეტროსადგურების განახლება, სატრანსპორტო კომპანიაში ასე პასუხობენ:

"ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სადგურებია ახმეტელის თეატრი და ვარკეთილი. ამ ეტაპზე ამიტომ შეირჩა ეს სადგურები".

იმის მიუხედავად, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია სახელმწიფოს ეკუთვნის, ხოლო თბილისის მერია ადმინისტრაციული ორგანოა, არცერთმა მათგანმა 2004-2015 წლებში მეტროსადგურების განახლებაზე გაწეული ხარჯების შესახებ On.ge-ს საჯარო ინმფორმაცია არ მიაწოდეს.

რა კეთდება და რა ფასად მეტროსადგურებში

ვარკეთილის მეტროსადგურის განახლებაზე კომპანია - ყვარელრემმშენი მუშაობს. კომპანია ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეირჩა და მასთან 347 852 ლარის ხელშეკრულება 2016 წლის 30 ნოემბერს დაიდო.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, მეტროსადგურ ვარკეთილის მსგავსად, ახმეტელის თეატრსაც არ სჭირდებოდა გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. ეს ერთადერთი დეტალი არაა, რაც ამ ორ მეტროსადგურს საერთო აქვთ. ორივეს გასარემონტებლად გამოცხადებულ ტენდერში შპს ყვარელრემმშენი მონაწილეობდა. ამ კომპანიამ ახმეტელის თეატრის გასარემონტებელ ტენდერში დაბალი ფასის მიუხედავად ვერ გაიმარჯვა. სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დაზუსტებული დოკუმენტაცია შეიცავდა უზუსტობებს. შესაბამისად, გამარჯვებული მისი კონკურენტი შპს დამბა გახდა და მასთან 2016 წლის 12 დეკემბერს, 523 215 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დაიდო.

ორივე მეტროსადგურში გათვალისწინებულია:

  • მთავარ შესასვლელში ორ რიგად მოწყობილი კარების გამოცვლა;
  • ქვდა და ზედა ვესტიბიულში არსებული იატაკის გაწმენდითი სამუშაოები;
  • საკონტროლო პუნქტთან და დამჭიმავთან არსებული ასფალტის საფარის ბუნებრივი გრანიტით შეცვლა;
  • კედლებზე არსებული საღებავების ჩამოფხეკა, შემდეგ კი მაღალხარისხიანი ფითხით შელესვა და შეღებვა;
  • შესასვლელ კართან გარე და შიდა მხრიდან არსებული ცხაურების შეცვლა;
  • ვესტიბიულში არსებული გამშვები ტურნიკეტების, ბარიერებისა და საკონტროლო ჯიხურების ახლით შეცვლა;
  • საქართველოს ბანკისა და შიგნით არსებული ჯიხურების უწვადი მასალით შეფუთვა;
  • დახრილ და დამჭიმავ გვირაბში სადრენაჟო არხების შეცვლა;
  • დახრილი გვირაბის ქოლგებზე სარეკლამო ბანერების შეცვლა;
  • ბეტონის საფარის შეცვლა ბუნებრივი გრანიტით;
  • პლატფორმაზე არსებული ჯიხურების შეცვლა;

დამატებით, ვარკეთილის მეტროსადგურში გათვალისწინებულია ქვედა ვესტიბიულში კედლებსა და ჭერზე პლასტმასის პროფილებისა და ქვის იმიტაციის მქონე პლასტიკატების ნაცვლად, კონსტრუქციაზე ლითონის პროფილების დამატებით, მინა-მაგნეზიტის ფილების დამაგრება.

მეტროსადგური ვარკეთილი წინა განახლების შემდეგ და ახლა, რემონტის დროს.

ფოტო: თბილისის სატრანსპორტო კომპანია; გელა ბოჩიკაშვილი/On.ge

მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის სარემონტო სამუშაოებში ასევე გათვალისწინებულია:

  • ქვედა ვესტიბიულში და ჰორიზონტალურ გვირაბებში ჭერიდან, კედლებიდან, კარნიზებიდან და შუბლებიდან საღებავის ჩამოფხეკა და წყალმედეგი საღებავით შეღებვა;
  • ჰორიზონტალურ გვირაბებში შუბლების მინამაგნეზიტის ფილებით, ლითონის კარკასზე მოწყობა;
  • ქვედა ვესტიბიულში, კოლონებში არსებული სადრენაჟო არხების, ზონტებთან და სალიანდაგო კედლებთან არსებული ჟოლობების, სადრენაჟო არხების და ყველა დეკორატიული ნაკეთობის გაწმენდა;
  • დამჭიმავში ჰერმეტული კარების შეიფუთვა;
  • პლატფორმაზე არსებული დამცავი მავთულის ბადის დემონტაჟი;
  • ამრეკლი სარკეების და საათების ახლით შეცვლა;
  • ქვედა დამჭიმავის კედლებზე სავენტილაციო არხებზე ცხაურების მოწყობაა და ჰორიზონტალურ გვირაბებში, იატაკსა და კედლებზე ცხაურების და სახანძრო ფარების ახლით შეცვლა.

მეტროსადგური ახმეტელის თეატრი წინა განახლების შემდეგ და ახლა, სარემონტო სამუშაოების დროს.

ფოტო: ვიკიპედია; გელა ბოჩიკაშვილი/On.ge

რა კეთდება მეტროსადგურ ავლაბარში?

მეტროსადგურ ავალაბარში სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ამ სადგურში ჯერ გასამაგრებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს. შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მომსახურება ელექტრონული ტენდერის საშუალებით შპს აბსოლუტპლუსისგან შეიძინა. 30 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 580 328 ლარია.