თბილისის ვიცე-მერი, ლაშა აბაშიძე და მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე ბავშვთა სამყაროში ხანძრით დაზარალებულების სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხზე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ხანძრის შემდეგ კომერციულმა ბანკებმა დაზარალებულების საბანკო ვალდებულებების გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს და მათთვის სესხის გადახდის 6 თვით გადავადების პროცესი დაიწყეს.

მერიის წარმომადგენლებთან საუბრისას, ბანკებმა დაზარალებული მსესხებლებისთვის შეღავათიანი რეჟიმის ინდივიდუალურ პირობებში გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

საქართველოს ბანკების ასოციაციის ინფორმაციით, ბავშვთა სამყაროში ხანძრის შედეგად 600-ზე მეტ დაზარალებულს აქვს საბანკო ვალდებულებები, რომლის ჯამური ღირებულება 16 მილიონამდე ლარს შეადგენს.

საშეღავათო პირობების განსაზღვრისთვის ბანკებს 200-მდე დაზარალებულმა მიმართა. ბანკებმა ყველა მათგანის სასესხო ვალდებულების რესტრუქტურიზაცია განახორციელეს. ამასთან, მათ სხვადასხვა სახის საშეღავათო პირობები ინდივიდუალურად განესაზღვრათ.

ამ ეტაპზე ბანკების მიერ რესტრუქტურიზებული თანხა ჯამში 7 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას თქმით, საბანკო სექტორი, შესაძლებლობის ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული პრობლემების გადაწყვეტაში.

თბილისში, სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროში 30 იანვარს, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა შენობა.