თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ცენტრალურმა და თბილისის მთავრობამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა ბავშვთა სამყაროს დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად. ნარმანიას თქმით, ბევრი პრობლემური საკითხი არსებობს, რის გამოც მიყენებული ზიანის ანაზღაურება მთავრობის პრეროგატივა არ არის:

„ეს არის, ერთი მხრივ, ბაზრობის ადმინისტრაციასა და მეორე მხრივ, თვითონ მოვაჭრეებს შორის ურთიერთობის საგანი. თუმცა, ძალიან ცუდია, რომ მათ შორის ხელშეკრულება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. არ იყო დაზღვევასთან დაკავშირებული მექანიზმები გათვალისწინებული. შეუძლებელია ზუსტი ზიანის დადგენაც. ანუ, ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი არსებობს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მთავრობის ფუნქციას არ განეკუთვნება ასეთ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება.“

ნარმანიამ აღნიშნა, რომ მთავრობა იყო გარკვეული შუამავალი ბანკებთან ურთიერთობაში, პროცესში ჩართული იყო ეროვნული ბანკი და გადასახადი თანხები გადავადდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც, ის ზიანი, რომელიც მოვაჭრეებს მიადგათ ჩამოიწერება და არ დაიბეგრება გადასახადებით. გარდა ამისა, გაკეთდა შეღავათები სალარო აპარატებთან დაკავშირებით.

თბილისში, სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროში 30 იანვარს, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა შენობა, დაზარალდა ათობით მოვაჭრე, რომლებსაც სავაჭრო ცენტრში და მის მიმდებარე ბაზრობებზე ტანსაცმლის, ავეჯის, ოქრო-ვერცხლის მაღაზიები ჰქონდათ.