ნიდერლანდებში საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები დილიდან იკრიბებიან. ეს, ევროპაში წელს გასამართი ყველაზე კრიტიკული სამი არჩევნებიდან, პირველია.

BBC-ის ცნობით, საარჩევნო მარათონში დომინირებენ პრემიერ-მინისტრ, მარკ რუტეს მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია და გერტ უილდერსი, რომელიც ანტი-საიმიგრაციო პლატფორმაზე მუშაობს.

პრემიერ-მინისტრ რუტეს თქმით, არჩევნები არის შესაძლებლობა ამომრჩევლისთვის, "დაამარცხოს არასწორი პოპულიზმი."

უილდერსის დაპირებები ნიდერლანდების ევროზონიდან გაყვანა, მეჩეთების დახურვა და ყურანის აკრძალვაა. მისი თავისუფლების პარტია საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ლიდერობდა, თუმცა მას შემდეგ კვლევების თანახმად, ეს განწყობა შეიცვალა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო თვეშია ჩანიშნული, გერმანია კი არჩევნებს სექტემბერში ჩაატარებს.

შეუძლია უილდერს მოგება?

"რაც არ უნდა იყო არჩევნების შედეგი, ჯინი უკან ბოთლში არ დაბრუნდება და ეს პატრიოტული რევოლუცია - დღეს, თუ ხვალ - მოხდება," - განაცხადა უილდერსმა ხმის მიცემის შემდეგ.

საპარლამენტო მანდატები პროპორციული სისტემით ნაწილდება, ამასთან, არც ერთ დიდ პარტიას არ სურს უილდერსთან კოალიციის ფორმირება. როგორც BBC-ის კორესპონდენტი იუწყება, უილდერსს პატარა შანსი აქვს ხელისუფლებაში მოსვლის.

როგორ უპირისპირდებიან მეინსტრიმ პარტიები პოპულიზმს?

ხმის მიცემის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა რუტემ მოქალაქეებს მიმართა და სთხოვა, წარმოედგინათ დანარჩენი მსოფლიოს რეაქცია, თუ თავისუფლების პარტია გაიმარჯვებდა.

"ვფიქრობ, დანარჩენი მსოფლიო დაინახავს, რომ ბრექსიტის შემდეგ, აშშ-ის არჩევნების შემდეგ, ისევ არასწორი სახის პოპულიზმმა გაიმარჯვა," - განაცხადა რუტემ.

სატელევიზიო დებატებში რუტემ უილდერსის გეგმებს საზღვდების ჩაკეტვის, მეჩეთების დახურვისა და ყურანის აკრძალვის შესახებ "ყალბი გამოსავალი" უწოდა. უილდერსმა კი რუტე იმიგრანტებისთვის უკეთესი ჯანდაცვის პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა.

რუტეს კოალიციაში შემავალი ლეიბორისტული პარტიის წევრმა უილდერსს "10 ათასი ბრაზიანი ტვიტის და გამოსავლის ვერ მპოვნელი" კაცი უწოდა.

რას ნიშნავს ნიდერლანდების არჩევნები დანარჩენი ევროკავშირისთვის?

ნიდერლანდები ევროკავშირში ეკონომიკის სიდიდით მეექვსე ქვეყანაა.

მისი რეპუტაცია, როგორც ლიბერალური ღირებულებებისა და ტოლერანტობის შუქურისა, ევროპაში თავისუფლების პარტიის გამოჩენის შემდეგ ეჭვ ქვეშ დადგა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უილდერსის ძლიერმა მხარდაჭერამ შესაძლოა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები დაჩრდილოს, სადაც ულტრა-მემარჯვენე, ევროკავშირის მოწინააღმდეგე მარი ლე პენს ფართო მხარდაჭერა აქვს.

გერმანიაში, მორიგი ულტრა-მემარჯვენე პარტია, ალტერნატივა გერმანიისთვის, სავარაუდოდ, სექტემბერში პირველად მიიღებს სახელისუფლებო მანდატებს.