თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, სახელმწიფო "კეთილ ნებას გამოიჩენს" და სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულ მოვაჭრეებს ერთჯერადად დაეხმარება. ამის შესახებ მან გუშინ საღამოს, დაზარალებულებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

"მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სამართლებრივი პროცესი მესაკუთრესა და ქვემოიჯარეებს შორის, სახელმწიფო იჩენს კეთილ ნებას, რათა გამოხატოს თანადგომა. ამისათვის, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ის აღმოუჩენს ყველას, ვგულისმობ ქვემოიჯარეებს, ერთჯერად დახმარებას. ჩვენ ველოდებით დაზუსტებულ სიას და ამის მიხედვით განისაზღვრება თანხა".

გუშინ, ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საკრებულოსთან აქცია გამართეს, შემდეგ კი მსვლელობით მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს.