მიუხედავად 2016 წლის ბოლოს გავრცელებული განცხადებისა, Wings For Life-ის მსოფლიო მარათონს საქართველო წელსაც შეუერთდება.

მარათონი 2017 წლის 7 მაისს, საქართველოს დროით 15 საათზე, სტარტს ყვარლის გზატკეცილის მე-10 კილომეტრში, ლოპოტას ტბის გადასახვევ ნიშნულთან აიღებს.

"მსვლელობა მონაწილეებს კავკასიონის მთების გასწვრივ გაუძღვება, რომლებსაც საშუალება ექნებათ, კახეთის საოცარი ვენახების ხედბით დატკბნენ" - წერია Wings For Life-ის ქართულ საიტზე.

მარათონზე რეგისტრაცია 4 მაისამდე გრძელდება. წევრობის საფასური 30 ლარია. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ზურგის ტვინის დაზიანებათა კვლევას.

Wings for Life წარმოადგენს ზურგის ტვინის დაზიანებების კვლევის საერთაშორისო არაკომერციულ ფონდს. პროექტი მიზნად ისახავს ზურგის ტვინის დაზიანების კვლევების მიმართ ყურადღების მიპყრობას.

წელს Wings For Life-ის ადგილობრივ დონეზე მასპინძელი და ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასთვის.

ფრთები სიცოცხლისთვის მსოფლიო მარათონის უნიკალურობა ისაა, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის სიგრძე, არ არსებობს ფინიშის ხაზი. ტრადიციული ფინიშის ნაცვლად მოქმედებს ე.წ ფინიშ მანქანა, რომელიც სტარტიდან 30 წუთში იწყებს სვლას და წინასწარ დადგენილი, 15კმ/სთ, სიჩქარით მოძრაობს. მოგვიანებით მისი სიჩქარე 25 კმ/სთ-მდე იზრდება. როგორც კი ფინიშ მანქანა მორბენალს გადაუსწრებს, მისი დრო ფიქსირდება და ის ავტომატურად ეთიშება მარათონს.