ევროკავშირის ლიდერები იტალიის დედაქალაქში, საიუბილეო სამიტზე, რომის ხელშეკრულების 60 წლისთავს აღნიშნავენ.

27 ქვეყნის ლიდერი დღეს, კაპიტოლიუმის სასახლეში შეიკრიბა, სადაც ექვსმა სახელმწიფომ (ბელგია, დასავლეთ გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები და საფრანგეთი) რომის ხელშეკრულებას, ანუ ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი 1957 წლის 25 მარტს.

ლიდერებმა დღეს ახალ დეკალარაციას მოაწერეს ხელი და განაცხადეს, რომ კრიზისის მიუხედავად, "ევროპა ჩვენი საერთო მომავალია".

ფოტო: European Commission

დეკლარაცია ხაზს უსვამს იმ ვალდებულებებს, რაც კავშირს აერთიანებს საერთო ღირებულებებით და ესენია, საზოგადო მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

ლიდერებმა აღიარეს ისიც, რომ ისინი უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე დგანან, როგორც საშინაო, ისე გლობალურ ასპექტში, მათ შორის, სახეზეა სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, ტერორიზმი, მიგრაციის ზრდის ზეგავლენა ქვეყნებზე და ა.შ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ შეკრებილებს განუცხადა, რომ ხალხის კიდევ უფრო დაახლოვების გარეშე, ევროპა პროგრესს ვერ მიაღწევს.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ დღეს, მათ განაახლეს ის უნიკალური ალიანსი, რომელიც 60 წლის წინ თავისუფალმა ერებმა შექმნეს. ტუსკმა აღნიშნა ისიც, რომ თავადაც ზუსტად 60 წლის წინ დაიბადა.

ევროკავშირის სამიტს პირველად არ ესწრება ბრიტანეთის პრემიერმინისტრი. იგი ევროკავშირის წევრი 1973 წელს გახდა, თუმცა გასული წლის ივნისში, რეფერენდუმის საფუძველზე დატოვა იგი.