მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიწა საკუთრებაში დაირეგისტრირა. საჯარო რეესტრის ცნობით, რეფორმის დაწყებიდან დღემდე სააგენტოს 170 ათასამდე მოქალაქემ მიმართა, საიდანაც 100 000 რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა.

რეესტრის ცნობით, რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრს დღეში, საშუალოდ, 2200-მდე განცხადება შედის. იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით მიწის ნაკვეთის მდებარეობა, საზღვრები, მახასიათებლები და ა.შ. არ დგინდება, საჯარო რეესტრი ფაქტების დასაზუსტებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს და პროცესში. რეესტრის ცნობით, მომსახურება უფასოა და პროექტის ფარგლებში ამ სერვისით უკვე 1000-მდე მოქალაქემ ისარგებლა.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.