საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები მხოლოდ პროპორციული სიით აირჩევიან. ეს ცვლილების პაკეტი ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებში გამართული კონსულტაციების შემდეგ წარადგინა.

თუკი, დღეს მოქმედი კანონმდებლობით პროპორციული წესით გადაუნაწილებელი მანდატები ყველა იმ პარტიაზე ნაწილდებოდა, რომელიც ზღვარს (5%) გადალახავდა, პროექტის მიხედვით, ყველა ეს მანდატი ყველაზე მეტი პროცენტული მაჩვენებლის პარტიასთან მოხვდება. მაგალითისთვის, თუ არჩევნებში მხოლოდ ორი პარტია გადალახავს ზღვარს და ისინი 30 და 31 პროცენტს მიიღებენ, ამ წესის მიხედვით, 31 პროცენტის მქონე პარტია პარლამენტში დეპუტატების 70 პროცენტს დააკომპლექტებს, 30 პროცენტის მქონდე, კი თავისი პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისს.

პროექტის მიხედვით, დეპუტატობის კანდიდატის მინიმალური ასაკი 21-დან 25 წლამდე გაიზარდა. უცვლელი რჩება უფლებამოსილების განხორციელების ვადა (4 წელი) და ბარიერი (5%), რომელიც პარტიამ პარლამენტში მოსახვედრად უნდა გადალახოს.

პროექტის მიხედვით, იზრდება პარლამენტარობის კანდიდატის საქართველოში ცხოვრების მინიმალური ვადა. მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე. კონსტიტუციის პროექტში გათვალისწინებულია ამ წესის ცვლილებაც. პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელი მაინც.