"ნაკლებად კრიტიკული ხელისუფლების მიმართ და ყველაზე კრიტიკული ნაციონალური მოძრაობის მიმართ" - ასეა შეფასებული ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30-ის მუშაობა 2016 წლის საარჩევნო მონიტორინგის მიერ, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ჩაატარა. სწორედ ამ გადაცემის წამყვანი, მაკა ცინცაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სექტემბრიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს გაუძღვება.

გთავაზობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში (20 მაისი - 2 ნოემბერი) ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშიდან გადაცემა 20/30-ის შეფასებას, რომლის წამყვანიც ცინცაძე იყო. მონიტორინგი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის მიხედვით, 20/30 ხელისუფლებისა და უმრავლესობაში მყოფი პარტიის - ქართული ოცნების პოზიტიურად გაშუქებით გამოირჩეოდა. სამონიტორინგო პერიოდის განმავლობაში მთავრობა (დათმობილი დროის 24%) და ქართული ოცნება (დათმობილი დროის 7%) ყველაზე დადებითად GDS-ზე გაშუქდა. არხი ზოგჯერ უპირატეს მდგომარეობაში მთავრობას, პრემიერსა და პარტია ქართულ ოცნებას აყენებდა და გამორჩეულად აკრიტიკებდა ოპოზიციურ პარტიას - ნაციონალურ მოძრაობას.

"GDS-ის ეთერში აშკარა იყო არსებული ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ ლოიალური განწყობა. იყო შემთხვევები, როცა ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციის მისამართით გაჟღერებული დაუსაბუთებელი ბრალდებები საპასუხო კომენტარების გარეშე გადიოდა ეთერში," - ვკითხულობთ მონიტორინგის ანგარიშში, სადაც ასევე წერია, რომ არხს მმართველი პარტიიდან გაცილებით მეტი ადამიანი სტუმრობდა.

20/30-ის მონიტორინგის დროს გამოკვეთილ დარღვევებს შორის კრიტიკული კითხვების ნაკლებობა, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, ასევე მოწვეული სტუმრების და მათ მიმართ დასმული კითხვების არარელევანტურობა გამოიკვეთა.

„ქართული ოცნების წარმომადგენლებს საშუალება ეძლეოდათ ფაქტობრივად მონოლოგის რეჟიმში ესაუბრათ და საუბარი წაეყვანათ სასურველი კუთხით," - წერია ანგარიშში. იმავე პერიოდში კი გადაცემაში მონაწილეობა არ მიუღიათ ნაციონალური მოძრაობის წევრებს. გადაცემის წამყვანმა მონიტორინგის პერიოდის მეორე ნაწილში აღნიშნა მხოლოდ, რომ პარტიის წევრები ბოიკოტის მიზეზით არ მიდიოდნენ სტუმრად.

ანგარიშის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ რესპონდენტების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს წამყვანი ფაქტად იღებდა და არ სთხოვდა დასაბუთებას. კვლევის ავტორებს, მაგალითად 2016 წლის 21 ოქტომბრის ეთერი მოჰყავთ, როცა გადაცემის სტუმარმა, ალექსანდრე ახალკაცმა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი კანდიდატის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამავე პარტიის დამფუძნებლის ცოლის, სანდრა რულოვსის მიმართ ბრალდებები გააჟღერა. რესპონდენტი აღნიშნავდა, რომ რულოვსს ციხეში წამლები შეჰქონდა, რომელსაც “პატიმრებს ასმევდნენ, ანგრევდნენ ფსიქიკურად და ყელს იჭრიდნენ, თავებს იჩეხავდნენ”. გარდა ამისა, რესპოდენტი ამბობდა, რომ სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ მისი წამება დაუკვეთა.

"ჟურნალისტმა, ნაცვლად იმისა, რომ მტკიცებულებები მოეთხოვა ამ მძიმე ბრალდების დასასაბუთებლად, ჰკითხა: - “რატომ, მიზეზი რა იყო?” წამყვანმა ერთ-ერთი კითხვის დასმისას მოიშველია გოგა ხაინდრავას ფილმი "ჰეროკრატია" [ფილმი, რომელიც ბიძინა ივანიშილის დაკვეთითაა გადაღებული]," - წერია კვლევაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ წამყვანის მიერ კითხვების ამგვარი ფორმულირებით ჟურნალისტს რესპონდენტის ნათქვამში ეჭვი არ შეუტანია, მიუხედავად იმისა, რომ ეთერში არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

სექტემბრის თვეში, მაშინ, როცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონებში დაიწყო ჟურნალისტებთან შეხვედრა და პრესკონფერენციების მოწყობა, გადაცემა მისი განცხადებების განხილვას ეთმობოდა. ამავე პერიოდში გადაცემის წამყვანი განიხილავდა „მოსალოდნელი დესტაბილიზაციის“ თემასაც, რომელიც გაურკვეველი დარჩა, თუ ეჭვების გარდა რას ეფუძნებოდა.

"20/30-ის სტუმრების ბლოკში ხშირად ისმოდა არაფრის მომცემი კითხვები, მაგალითად 11 ივლისს, გია ვოლსკისთან ინტერვიუ წამყვანმა დაიწყო კითხვით თუ რატომ დაიწყო ქართულმა ოცნება მაჟორიტარების წარდგენა მაინცდამაინც იმერეთიდან? სტუმარმა მიუთითა, რომ ამ კითხვის დასმა ნებისმიერი სხვა რეგიონის შერჩევის შემთხვევაშიც შეიძლებოდა," - წერია ანგარიშში.