კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსახიობი ზურაბ ყიფშიძე ორი თეატრიდან და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ფინანსდება.

"არა მხოლოდ თეატრებს, ყველა სიპს, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემაში შედის, მათ ბიუჯეტებს 10 პროცენტიანი შემცირება შეეხო. იმისთვის, რომ სპეკულაცია გამოვრიცხოთ, აღვნიშნავთ, რომ სამინისტრო ამის ხარჯზე არ ცდილობს ოპტიმიზაციის გაკეთებას, მოგახსენებთ, რომ ცენტრალურ აპარატს 20%-ით შეუმცირდა ბიუჯეტი.

მთელი ეს თემა აწყობილი იყო ერთი კონკრეტული ადამიანის, ზურა ყიფშიძის, ასე ვთქვათ გაუსაძლისი პირობების გარშემო. მხოლოდ საბიუჯეტო თანხებს თუ განვიხილავთ, მარჯანიშვილის თეატრი, თუმანიშვილის თეატრი და პირველი არხი, სწორედ ის უწყებებია, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსებიდან და შესაბამისი ანაზღაურება ბატონ ზურაბს აქვს. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რატომ ჩაიგდეს გიორგიმ ან ზურამ თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში".

რამდენიმე დღის წინ, ზურა ყიფშიძის შვილმა, მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ მისი ოჯახი გაჭირვებაში ცხოვრობს და სახელმწიფოსგან საკმარისი შემოსავალი არ აქვთ.