რუსეთის პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ ამერიკა ისეთი გამოცემების საშუალებით, როგორიცაა ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება და CNN, რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას ახორციელებენ და "ამ სისტემის ნაწილები" არიან. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ლეონიდ ლევინმა, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარემ, განაცხადა, რომ განსახილველია, მუშაობს თუ არა აღნიშნული სამი ამერიკული მედიასაშუალება რუსეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

აღნიშნული საკითხის განხილვა რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე მიმდინარეობს. თავის მხრივ აშშ იძიებს, ჩაერია თუ არა რუსეთი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, ხოლო რუსეთი გაღიზიანებას არ მალავს ამერიკის მიერ სირიის მთავრობის ჯარების დაბომბვის გამო.

ლევინმა RFE/RL-ს, VOA-სა და CNN-ს "იმ უზარმაზარი და ფართო სპექტრის მქონე ამერიკული სისტემის ნაწილი" უწოდა, რომელიც რუსეთზე "ზეწოლას ახდენს".

The Moscow Times წერს, რომ, რუსეთი გამოიძიებს, მოახდინა თუ არა ამერიკულმა მედიამ გავლენა რუსეთის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელშიც მმართველმა, დიმიტრი მედვედევის, პარტიამ 54,2%-ით უმრავლესობა მოიპოვა.