სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრები და CEU-ს კურსდამთავრებულთა საქართველოს გუნდი 21 აპრილს, 12 საათზე, თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციით დახვდებიან უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს. იგი 20-21 აპრილს თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ უნგრელ დემოკრატებს, უნგრეთის ახალგაზრდულ ჯგუფებსა და უნგრეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს:

"ჩვენ პატივს ვცემთ უნგრეთსა და ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს. ჩვენ შესანიშნავად ვაცნობიერებთ თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის კრიტიკის (ოღონდ მემარცხენე არგუმენტებით) აუცილებლობას. მიუხედავად ამისა, მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტის გამანადგურებელ, სისხლის სამართლის დამნაშავეების შემფარებელ და სოციალ-დემოკრატიული ოპოზიციური ძალების შემავიწროვებელ ავტორიტარს მშვიდობიანი საპროტესტო აქციით უნდა შევეგებოთ".

უნგრეთის ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით მიიღო ახალი კანონი, რომელიც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს დახურვას, ან სხვა ქვეყანაში გადასვლას აიძულებს. ახალი კანონის მიხედვით, ევროკავშირის გარეთ რეგისტრირებული ინსტიტუტებისთვის უნგრეთში დიპლომებისა და აკადემიური ხარისხის გაცემა გართულდა.

პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჯორჯ სოროსისა და მისი ფონდი ღია საზოგადოების წინააღმდეგია. მანამდე, იანვარში, ორბანის პარტია სოროსის მიერ დაფინანსებული, მათ შორის, ადამიანის უფლებებსა და გამჭვირვალობაზე მომუშავე არასამთავრობოების ქვეყნიდან გაყრის ინიციატივითაც გამოვიდა.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 1991 წელს, კომუნიზმის კოლაფსის შემდეგ, ბუდაპეშტში დაარსდა. ამჟამად უნივერსიტეტში 1 400-მდე სტუდენტი სწავლობს.