28 აპრილს, საღამოს 9 საათზე, მულტიფუნქციური საკონცერტო დარბაზი SPACEHALL და BLOK 9 წარმოგიდგენთ ბრიტანული ჰიპ-ჰოპ სცენის პიონერს, ლეიბლ WASHINGTON CLASSICS-ის სულისჩამდგმელს - FUNKY DL.

ცნობილმა ბრიტანელმა პროდიუსერმა სახელი კლასიკური ჯაზისა და ჰიპ-ჰოპის შერწყმით გაითქვა. მას ათეულობით მუსიკალური ალბომის ჩანაწერი ეკუთვნის, რომლის პროდიუსერიც თავად გახლავთ. მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კი იაპონელ პროდიუსერ NUJABES-თან თანამშრომლობაა, ვისთან ერთადაც არაერთი ცნობილი ნამუშევარი შექმნა.

FUNKY DL ასევე მუშაობს ისეთი ცნობილი მუსიკოსების ნამუშევრების რემიქსებზე, როგორებიც არიან: STEVIE WONDER, NAS, AMY WINEHOUSE. მუსიკოსმა ბოლო ალბომი, „AUTONOMY:THE 4TH QUARTER 2” 2016 წელს გამოუშვა.

FUNKY DL-თან ერთად სცენას დაიკავებენ ადგილობრივი ჰიპ-ჰოპ არტისტები: ქართული სცენის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ჯგუფი MOKU MOKU, რომლის მუსიკაც ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპის გარდა ფანქს და ინდუსტრიულ მუსიკას აერთიანებს. ასევე, გამორჩეული ქართული ჰიპ-ჰოპ პროექტი - გიორგი ზურაბიშვილი & MC CUTKILL და 90-იანების ამერიკულ ჰიპ-ჰოპ ჟღერადობაზე ორიენტირებული არტისტი - ლაშა ბაბუაძე.

BLOK9 ჰიპ-ჰოპ კონცერტების სერიაა, რომელიც მიზნად ისახავს ჰიპ-ჰოპ არტისტებისთვის სცენის დათმობას და ადგილობრივი სცენის მხარდაჭერას.

საკონცერტო დარბაზი 29 აპრილს, ღამის 11 საათზე, იტალიურ ტრიოს, AGENTS OF TIME-ს, უმასპინძლებს. 2013 წელს დაარსებულ ჰაუსისა და ემბიენთის ჟანრში მოღვაწე პროექტს აღიარება საინტერესო ვიზუალურმა კონცეფციამ და ჟღერადობამ მოუტანა.

მათთან ერთად დაუკრავს ადგილობრივი არტისტი - TADE, რომლის ნამუშევრები გამოდის, ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: კანადური DASH DEEP RECORDS და UNDERYOURSKIN RECORDS.

ონლაინ ბილეთებისთვის ეწვიეთ საიტს WWW.SPACEHALL.COM