საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს, თამაზ ტყემალაძეს, რომელიც 2013 წელს მაუწყებლის დირექტორის მოვალეობასაც ასრულებდა, ახალი თანამდებობა აქვს. როგორც ის On.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, უკვე ერთი კვირაა, არხის დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გადაწყვეტილებით სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე მუშაობს.

მისი თქმით, დაშვებული რამდენიმე შეცდომა უკვე გამოავლინა და თანამშრომლებს სთხოვა აღარ გაიმეორონ. ტყემალაძის მოსაზრებით, მხოლოდ მისი რესურსი საკმარისი არაა მთელი მაუწყებლის ეთერისთვის თვალ-ყურის მისადევნებლად და ჰგონია, რომ ხუთი ან ექვსი ადამიანის დამატებითა და სხვადსხვა გადაცემაზე გადანაწილებით საქმეს კარად შეასრულებს.

ვასიკო მაღლაფერიძის მთავრობაში მე სამხატვრო საბჭოს წევრი ვარ, მგონი, მაგის მოადგილე ვარ

თამაზ ტყემალაძე

"ვასიკო მაღლაფერიძის მთავრობაში მე სამხატვრო საბჭოს წევრი ვარ, მგონი, მაგის მოადგილე ვარ და ახლა მომანიჭეს სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორობა, რომელიც ჩემთვის მაინცდამინც მისაღები არ არის იმიტომ, რომ სამაუწყებლო ენის რედაქტორობა რაღაც აბსტრაქციაა, მე შესაძლებელია ვიყო მაუწყებლის მთავარი რედაქტორი და ვიცი ეგ რაც არის," - უთხრა On.ge-ს ტყემალაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ია ანთაძე ამბობს, რომ მაუწყებლის დღევანდელი სტრუქტურის მიხედვით, დირექტორის მოადგილის თანამდებობა არაა გათვალისწინებული და შესაბამისად, არც ტყემალაძე მუშაობს ამ თანამდებობაზე. ანთაძეს არ აქვს ინფორმაცია ტყემალაძე სამაუწყებლო ენის რედაქტორად მუშაობს თუ არა. მაღლაფერიძესთან დაკავშირება On.ge-მ ამ ეტაპზე ვერ შეძლო, მაუწყებლის კადრების განყოფილება კი, პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემს.

ტყემალაძე ახლა რადიო გადაცემასაც უძღვება. მას მიჰყავს გადაცემა თამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრები. ამ გადაცემის აუდიტორიამ უკვე მოისმინა ვაჟა-ფშაველას შესახებ 22 და ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ 14 გადაცემა. შემდეგი, ვის შესახებაც ტყემალაძე გადაცემას მოამზადებს, ილია ჭავჭავაძეა.

რადიოში ბოლო საავტორო გადაცემის დაწყებამდე, ტყემალაძე არაერთ თანამდებობაზე მუშაობდა. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობას და დირექტორის მრჩევლობას კი, ის ასე იხსენებს:

"გენერალური დირექტორი რომ ვიყავი, მე ჩემით გადავედი, ვინ გამიბედავდა იქედან [ჩემს] გადასვლას, მე მოვიყვანე ისევ ეს, არც ისე ღირსეული გიორგი ბარათაშვილი, დავაბრუნე და ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი. მერე მოვიდა ეს სერგი გვარჯალაძე, ისე გადამიყვანეს სხვა თანამდებობაზე, არავინ მკითხა. ნომინალური თანამდებობა იყო ეგ, ვითომ მრჩეველი ვიყავი. არაფერი კონსულტაცია მაგათ [მაუწყებლის მენეჯმენტს] ჩემგან არ მიუღიათ და მე შენახული მაქვს წერილები, რომლებიც მაგათ გავუგზავნე."

გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის დროს მისი იდეა იყო რვა საარქივო გადაცემის დამზადება. ტყემალაძე ფიქრობდა, რომ საარქივო გადაცემების: გვაქვს უთვალავი ფერითა, ზეპირი მოთხრობები (ცნობილი ადამიანების მოგონებები), რეტრო (ძველი საესტრადო მუსიკა - რერო, ორერა, დიელო) და კორკოტას 60 წუთი (ქალაქური იუმორი) და ა.შ. მაუწყებლის ბიუჯეტს დაზოგავდა.