ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 26 მსჯავრდებულის ინდივიდუალურ საქმიანობას პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, მიკრობიზნესის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 2016 წელს, მიკრობიზნესის სტატუსით, 40-მდე მსჯავრდებულის საქმიანობა დარეგისტრირდა.

"მიკრობიზნესის სტატუსი მსჯავრდებულებისთვის დაბეგვრის შეღავათიან რეჟიმს ითვალისწინებს და მათ საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებს. ამასთან, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მსჯავრდებულებს არ ექნებათ სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება," - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მსჯავრდებულთა მიერ, პენიტენციურ დაწესებულებაში ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ხელნაკეთი ნივთები ონლაინმაღაზიის მეშვეობით გაიყიდება და რეალიზაციით მიღებული თანხა მსჯავრდებულთა პირად ანგარიშზე ჩაირიცხება.