საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიება დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ გაავრცელა.

"მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადებასთან, რის საფუძველზეც 2017 წლის 26 აპრილს, გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება," - აღნიშნავენ პროკურატურაში და განმარტავენ, რომ მამალაძე კარიერული წინსვლის დამაბრკოლებლად აღიქვამდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში საქმეზე ჩატარდა 600-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დაიკითხა 70-მდე მოწმე, ჩატარებულ იქნა 20-მდე ჩხრეკა/ამოღება და 100-მდე დათვალიერება, სხვადასხვა პირებისგან ამოღებულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებლებზე შესწავლილ იქნა მთლიანობაში 500-მდე გბ მოცულობის ინფორმაცია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა.

"მიღებული ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური დასკვნით დადასტურდა, რომ პროკურატურის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერები არ შეიცავს მონტაჟის ნიშნებს, არის უწყვეტი, ავთენტური და მასზე ასახულია და საუბრობს სწორედ გიორგი მამალაძე," - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამი - ნატრიუმის ციანიდია.

გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა.