„საქართველოში არის ანომალიური სიტუაცია, რომელზეც პატრიარქმა თქვა, რომ ეს არის ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა,“ - On.ge-სთან ინტერვიუში ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე ქვეყანაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომელიც ლანძღვასა და შეურაცხყოფას შეიცავს.

მურუსიძეს მიაჩნია, რომ რომელიმე სფეროს რომელიმე წარმომადგენლის მიმართ გამოთქმული ლანძღვისა და შეურაცხყოფის შემცველი შინაარსის მოსაზრებები სისტემას ანგრევს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 26 აპრილს საჯარო განცხადება გაავრცელა. უწყება დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლეთა მიმართ იმ კრიტიკულ გამონათქვამებს, რაც ბოლო პერიოდში, მათ მიმართ, რუსთავი 2-ის ეთერით ჟღერდებოდა. ამავე წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ეთიკური პრინციპების დარღვევის გამო, ეთიკის ქარტია არ ითვალისწინებს ჟურნალისტისთვის სანქციის დაწესებას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მსგავს შეზღუდვებს ცენზურის დაწესების მცდელობად მიიჩნევს და აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლების არსებული სტანდარტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუარესდეს.