საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საზღვარი "ღამის მგლების" ერთმა წევრმა გადმოკვეთა. უწყებაში განმარტავენ, პირი ქვეყანაში "ღამის მგლების" მიერ დაანონსებულ ვიზიტამდე, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე, შემოვიდა.

"აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად, მშვიდობიანი, ტურისტული ან ტრანზიტული მიზნებით, ათობით ბაიკერი კვეთს ქვეყნის საზღვარს. შესაბამისად, კონკრეტული მომენტისთვის შსს-ს არ გააჩნდა საფუძველი აღნიშნული პირის საქართველოში არშემოშვებისთვის," - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში და დასძენენ, რომ უწყება ყველა ზომას იღებს, რომ ამ პირის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით, ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი სახის ინციდენტს.

დღეს, რამდენიმე საათის წინ On.ge-მ საქართველოში "ღამის მგლების" წევრის საქართველოში ყოფნის ფოტოები გაავრცელა. როგორც ფოტოს მომწოდებელმა გვითხრა, ფოტო თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზეა გადაღებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს განაცხადა, რომ მესაზღვრეებმა რუსი ბაიკერები, "ღამის მგლები" საქართველოში არ შემოუშვეს.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში პეტიცია შეიქმნა, რომლის ხელმომწერებიც ითხოვდნენ, "ღამის მგლები" საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში არ შემოეშვა.

"ღამის მგლები" კრემლთან დაახლოებული კლუბია, რომელსაც ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირები აქვს