თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ციანიდის საქმის წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება. მოსამართლის თქმით, საქმის მასალები, მათ შორის აუდიო ჩანაწერები, პირად ინფორმაციას შეიცავს, მათი გამჟღავნება კი კონსტიტუციიის გათვალისწინებით პირადი ცხოვრების ხელყოფაა.

შუამდგომლობის წარდგენისას, ბრალდების მხარე სხდომის დახურვას მოითხოვდა, რადგან გიორგი მამალაძე სასულიერო პირია:

"იგი არ არის ჩვეულებრივი პირი, არის სასულიერო პირი და ჩვენ რადგან შევისწავლეთ მისი პერსონალური მონაცემები, არ გვსურს საქმის ღიად განხილვა. მორალურად მიუღებელია ეს," - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

დეკანოზის ადვოკატები კი განხილვის ღიაობას მოითხოვდნენ. თავად მამალაძემ სხდომის საჯაროობის სურვილი გამოთქვა. მისივე თქმით, მისი პირადი ცხოვრება "დასამალი არ არის."

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 5 მაისს, იმართება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის წინასასამართლო სხდომა.

გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.