საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის კომერციის მდივანმა უილბურ როსმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკული ბიზნესწრეების ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

კომერციის მდივანთან შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ პროექტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკული კომპანიების მონაწილეობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და სასტუმრო ბიზნესით ამერიკული კომპანიების დაინტერესებას.

ვაშინგტონში, კომერციის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.