ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი ჰელენ მირენი CBS Film-ის ახალ თრილერში Winchester მთავარ როლს შეასრულებს.

ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და ის ვინჩესტერის მარკის იარაღის პირველი მწარმოებლის, ოლივერ ვინჩესტერი, ქვრივ სარა ვინჩესტერზე მოგვითხრობს.

1881 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სარა ვინჩესტერმა მემკვიდრეობით დაახლოებით $20,5 მილიონი მიიღო. ამას ემატებოდა ვინჩესტერის იარაღის კომპანიის Winchester Repeating Arms Company აქციების 50%, რაც მას დღეში 1000$ შემოსავალს აძლევდა, რაც დღევანდელი კურსით $30 ათასზე მეტია. მთელი ეს შთამბეჭდავი მემკვიდრეობა სარამ 38 წლიან განუწყვეტელ მშენებლობას მოახმარა, რომელიც 1884 წელს დაიწყო და არ შეწყვეტილა 1922 წლამდე.

მეუღლის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ სარა ბოსტონელ მედიუმს ესტუმრა, რომელმაც, თითქოსდა მის ქმართან საუბრის შემდეგ, სარას გადასცა, რომ ქვრივს უნდა დაეტოვებინა ნიუ ჰეივენი და წასულიყო დასავლეთით, სადაც ააშენებდა სახლს საკუთარი თავისა და იმ ადამიანთა სულებისთვის, ვინც ვინჩესტერის მარკის იარაღს ემსხვერპლა. სარა ვინჩესტერმაც დაიჯერა ეს ამბავი და კალიფორნიაში გადასახლდა. შესაძლოა, სარას უბრალოდ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და ღრმა დეპრესიისგან თავის დასაღწევად ჰობის შეძენა სურდა, თუმცა ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მდიდარ ქვრივს სჯეროდა, თითქოსდა მისი ოჯახი სულებისგან დაწყევლილი იყო და ეს უკანასკნელნი სიმშვიდეს მხოლოდ მათთვის სახლის აშენებით მოიპოვებდნენ.

მედიუმმა სარა გააფრთხილა, რომ როგორც კი სახლის მშენებლობაზე ჩაქუჩის ხმა გაჩერდებოდა, ის მოკვდებოდა, სწორედ ამიტომ სარამ უზარმაზარი მშენებლობა წამოიწყო.

ვინჩესტერმა მედიუმის რჩევა შეასრულა, სახლი დაუსრულებლად შენდებოდა და იცვლებოდა. ერთი მეორის მიყოლებით ჩნდებოდნენ ჭერში მიმავალი კიბეები, რომლებიც არსად არ გადიოდა, გაურკვეველი დანიშნულების ტიხრები და ვიწრო კორიდორები, სადაც გაჭირვებით თუ გადაადგილდებოდა ადამიანი.

სარას სწამდა, რომ მას მოჩვენებები მოკლავდნენ, სწორედ ამიტომ ყოველ ღამე იცვლიდა საძინებელ ოთახს.

ფილმის პრემიერა 2018 წლის 23 თებერვალს იგეგმება.