ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, 2013 წლის 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეთა სასარგებლოდ 12 500 ლარის გადახდა დაეკისრა, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.

საიას ცნობით, სასამართლომ არაეფექტურად მიიჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებები. სასამართლოს შეფასებით, სამინისტრო ვალდებული იყო არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გამოეყო შესაბამისი ოდენობის და შესაბამისი აღჭურვილობის მქონე პოლიციელები და გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი აქციის მონაწილეების დასაცავად.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომლის წარმოებაშიც იყო ეს საქმე, აღნიშნავს, რომ მსგავს სიტუაციებში სახელმწიფოს გულგრილობა და უმოქმედობა გულისხმობს საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალადობის წახალისებას.