შპს GMR-მა სილქნეტის მსგავსად შეტყობინება საქართველოში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა პირს დაუგზავნა. მათ შორის, Myvideo.ge-ს, iMovies.ge-სა და 100-ზე მეტ კომპანიას. წერილით კომპანიებს ეცნობათ, რომ იმედის, რუსთავი 2-ის, მაესტროს, GDS-ს, კომედი არხისა და მარაოს გავრცელების მსურველებს 20 მაისამდე უნდა მიემართათ, სხვა შემთხვევაში კი მათ ტრანსლირების უფლება უწყდებოდათ.

შპს GMR-ის დირექტორს, ზურაბ ნაყეურს მიაჩნია, რომ ქართული მაუწყებლები სხვა ქვეყნის მაუწყებლებთან შედარებით არათანაბარ პირობებში არიან. სწორედ ამით ხსნის მიზეზს, კომპანიებთან კომერციული თანამშრომლობის სურვილს. მისი თქმით, თითოეულ კომპანისთან თანამშრომლობის პირობები მოლაპარაკების შედეგად გაირკვევა.

"ამ ეტაპზე ფულს არ ვითხოვთ. მაგიდასთან რომ დავსხდებით, შეიძლება ფულზე წავიდეს ლაპარაკი. შეიძლება, იმათ თქვან, რომ თუ ფული გინდა, მაშინ გაიწმინდოს რეკლამებისგან და ა.შ. უამრავი ვარიანტი არსებობს," - ამბობს ნაყეური On.ge-სთან საუბრისას.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ სილქნეტიდან მათ არავინ შეხმიანებია, მომსახურების შესაძლო გაძვირების შესახებ უკვე აცნობეს. ნაყეური ამას არასწორ ქმედებას უწოდებს.

"მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავმსხდარვართ, სილქნეტიდან ჯერ არავინ გამოგვხმაურებია და გააკეთა გუშინ ის უტაქტო განცხადება. რა პასუხი უნდა გავცე ადამიანს, რომელსაც ვეუბნები კონტენტი ჩემია, მე ვარ მწარმოებელი, მაქვს ამაზე კომერციული უფლება, მობრძანდით, დაჯექით დავილაპარაკოთ, რას ვაკეთებთ როგორ, რანაირად და კაცი აკეთებს პირდაპირ აბონენტების სამწუხარო შეტყობინებას," - აღნიშნავს ნაყეური.

სილქნეტმა მომხმარებელს პაკეტის შესაძლო გაძვირების შესახებ 15 მაისს აცნობა. კომპანია განმარტავდა, რომ რუსთავი 2, მაესტრო და იმედი "აბონენტებისთვის საზიანოდ" შეთანხმდნენ, ფასიანი გახადონ თავიანთი არხების ჩვენება.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, On.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რამდენიმე ტელეარხმა ერთად მიმართა გადახვევის ფუნქციის მქონე ოპერატორებს რეტრანსლირების საფასურის მოთხოვნით და ეს კომერციული ინტერესიდან გამომდინარე გააკეთეს.