თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია გაერთიანდნენ და გადაწყვიტეს, რომ ერთიანი საარჩევნო ბლოკის სახით მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში.

ამის შესახებ, შალვა შავგულიძემ და ხათუნა სამნიძემ ბრიფინგი გამართეს:

"გაგვაჩნია რა ღირებულებითი ერთიანობა, ამასთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოცდილება, თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა გადავწყვიტეთ, რომ ერთიანი საარჩევნო ბლოკის სახით წარვსდგეთ ამომრჩევლის წინაშე, მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენი ერთიანი ძალით, სწორედ თვითმმართველობიდან დავიწყებთ ქართული ოცნების შეუზღუდავი სახელისუფლებო ძალაუფლების შემცირებას და შევქმნით იმის საფუძველს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ეს პოლიტიკური ძალა დავამარცხოთ".

რესპუბლიკელების ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით, რესპუბლიკელებს და თავისუფალ დემოკრატებს მსგავსი ხედვები გააჩნიათ და სწორედ ამიტომ გაერთიანდნენ:

"ჩვენ გვინდა, შევთავაზოთ მოქალაქეებს თავისუფალი სივრცე. თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს რომ უნდა იზრუნოს საკუთარ სოფელზე, საკუთარ ქალაქზე, შეცვალოს რეალობა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ვეპატიჟებით. ჩვენი, ორივე პარტიის კარი ღიაა".

ხათუნა სამნიძის განცხადებით, არჩევნებზე მათ ეყოლებათ საერთო კანდიდატები და საერთო სია. მისივე ცნობით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი მათი კანდიდატები და მათივე საარჩევნო პროგრამა.