29 მაისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU), სახელმწიფო ღალატის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კიევსა და ოდესაში, იანდექსის ოფისები გაჩხრიკა. რადიო თავისუფლების ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ რუსული ინტერნეტ გიგანტის, იანდექსის მენეჯმენტი უკანონოდ აგროვებდა პერსონალურ მონაცემებს უკრაინის მოქალაქეებზე.

მონაცემები შეიცავს მომხმარებელთა საქმიანობას, ცხოვრების სტილს, ადგილმდებარეობას, საცხოვრებელს, სამსახურს, შემოსავლის ოდენობასა და წყაროებს, ტელეფონის ნომრებს, იმეილებს და სოციალური ქსელების ანგარიშებს.

"ინფორმაციას გადასცემდნენ [რუსეთის] უსაფრთხოების სამსახურებს უკრაინაში, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ საბოტაჟისა და საინფორმაციო დაპირისპირების დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის," - წერია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

თავად იანდექსის უკრაინულ სერვისში ბრალდებებს უარყოფენ.

"არანაირი მონაცემების გადაცემა არ მომხდარა. ახლა ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს იურისტებთან და მივიღებთ შესაბამის ზომებს ჩვენი გუნდის დასაცავად," - უთხრეს ნოვაია გაზეტას იანდექსის პრესსამსახურში.

16 მაისს, პრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით, უკრაინაში იანდექსი, ვკონტაკტე და ოდნოკლასნიკი დაიბლოკა.

რუსეთმა ყირიმის ანექსია სეპარატისტების მხარდაჭერითა და რეფერენდუმით, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს, 2014 წელს მოახდინა.