სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების საერთო მოცულობა 71 მილიონი ლარი იყო. ამისთვის აუდიტის სამსახურმა სულ 71 აუდიტი ჩაატარა და 10,3 მილიარდი ლარის ხარჯები შეამოწმა.

71 მილიონი ლარი დარღვევების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • შესყიდვების მართვის მიმართულებით - 32 008 000 ლარი;
  • საბიუჯეტო რესურსების მართვის მიმართულებით - 33 004 000 ლარი;
  • აქტივების მართვის მიმართულებით - 5 მილიონი ლარი.

ანგარიშის მიხედვით, ხარვეზების გამოსასწორებლად 189 რეკომენდაცია გაიცა, საიდანაც რეკომენდაციების 47 პროცენტი შესრულებულია. 2015 წელს შესრულებული რეკომენდაციების წილი მხოლოდ 40 პროცენტი იყო.

"მართალია, წინა წელთან შედარებით, ეს მზარდი მაჩვენებელია, მაგრამ შესრულების მაჩვენებელი არ არის მაღალი და მისი გაუმჯობესება საჭიროებს მეტ ძალისხმევას. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ აუდიტორული საქმიანობის სარგებელი გამოიხატება არა მარტო რეკომენდაციების გაცემაში, არამედ - მათ შესრულებაში," - აღნიშნავენ აუდიტის სამსახურში.

როგორც გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, 2016 წელს აუდიტორული შემოწმება ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის სხვადასხვა სფეროებში ჩატარდა. მისი თქმით, უწყებებში საბიუჯეტო სახსრების მოცულობიდან გამომდინარე, მომატებული რისკები და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.