ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას დირექტორის თანამდებობა არ დაუტოვებია და ის "ჯერჯერობით გენერალური დირექტორია".

"თვითონ გადაწყვეტს თავის მომავალ ბედს," - აღნიშნა უდუმაშვილმა გვარამიას შესახებ On.ge-სთან საუბრისას. უდუმუაშვილის თქმით, არხზე ფინანსური პრობლემები არსებობს და გვარამია მუდამ ამბობდა, რომ თუ ის ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებდა, თანამდებობას დატოვებდა. უდუმაშვილმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელფასის გადაუხდელობის გამო გაფიცულები არიან კურიერის ოპერატორები.

არხის ერთ-ერთი წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუკის პირად გვერდზე ნიკა გვარამიას მადლობას უხდის არხზე მუშაობისთვის და მას წარმატებებს უსურვებს: "მადლობა შეუპოვრობისთვის, ამ 5 წლისთვის. მადლობა, რომ იბრძოლე არხისთვის ისე, როგორც არ უბრძოლია არცერთ დირექტორს. მადლობა ჩემი, როგორც წამყვანის თავისუფლებისთვის. წარმატებებს გისურვებ იქ, სადაც იქნები ხვალ. დარწმუნებული ვარ, შენი წარსულიდან, ეს არხი ყველაზე მეტად გეყვარება".

8 ივნისს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა, თუმცა, ოფიციალურად ეს ფაქტი ჯერ არც დამფუძნებლებს დაუდასტურებიათ და არც - გვარამიას.

On.ge-ს ინფორმაციით, ყადაღისა და დროში გაწელილი სასამართლო პროცესების გამო, არხს აქვს ფინანსური პრობლემები, რაც შეიძლება გამხდარიყო გვარამიას მიერ თანამდებობის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი. On.ge კვლავ ცდილობს გვარამიას გადადგომის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.