თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და Birja Mafia-ს კიდევ ერთ წევრს, გიორგი ქებურიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

დაცვის მხარე 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა. მოსამართლის თქმით, დაცვის მხარეს უნდა წარმოედგინა დამატებითი მტკიცებულებები.

როგორც ქებურიამ სასამართლო სხდომაზე თქვა, მას დაკავებისას არ გააცნეს, თუ რისი უფლება ჰქონდა, ბორკილები ბრალის წარდგენის გარეშე დაადეს და ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

"იყო ზეწოლაც, მეუბნებოდნენ რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა თუ ვაღიარებდი, რადგან გამოვიდოდი ჯარიმის სანაცვლოდ. ეს ყველაფერი მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ გადავიღეთ კლიპი, რომელშიც არის კადრები, პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მსახიობის, რომელიც არის დაჩოქილი და უკეთია ძაღლის ყელსაბამი," - განაცხადა Birja Mafia-ს წევრმა.

ბრალდება ქებურიას 2,3342 გრამი MDMA-ის შეძენა შენახვას ედავება. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

რამდენიმე წუთის წინ Birja Mafia-ს წევრს, მიშკა მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 55 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მგალობლიშვილის საქმის განხილვას სასამართლო 27 ივნისს გააგრძელებს.