Birja Mafia-ს მუსიკალურ ვიდეოში პოლიციის როლის შემსრულებელი, გიორგი გაგუა აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა. გაგუას თქმით, არ უნდოდა ვიდეოს ნაწილი ყოფილიყო და რეპერებს მისი იუთუბიდან აღება სთხოვა:

"უბრალოდ არ მინდოდა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი და ამიტომ მივედი, ვთხოვე, რომ ეს კლიპი აეღოთ და ამოეჭრათ იქიდან ჩემი მომენტები, რაზეც უარი მივიღე. საბოლოო ჯამში ამ კადრებს უბრალოდ ბლარი დაადეს თავისივე სურვილით."

გაგუას ამბობს, რომ დაუფიქრებელი, გაუთვალისწინებელი ნაბიჯი გადადგა და წუხს ამის გამო. მისივე თქმით, კლიპის შინაარსის შესახებ მხოლოდ მისი გამოქვეყნების შემდეგ გაიგო.

"პირველ რიგში არ ვიცოდი კლიპის შინაარსი, გავიგე მას შემდეგ, რაც ეს საღადაოდ გადაღებული ვიდეო აღმოჩნდა კლიპი და იუთუბზე დაიდო და რომ ვნახე, აშკარა პროპაგანდაა ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, პოლიციის დაკნინება."

გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.