პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი Birja Mafia-ს დაკავებული წევრების, მიხეილ მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს. პრემიერის მტკიცებით, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, არც ერთი მოქალაქე გამოხატვის თავისუფლების გამო არ დასჯილა.

პრემიერი განცხადებაში წერს, რომ კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას:

"თხოვნით მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოვასწროთ სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება."

კვირიკაშვილი მიმართავს ახალგაზრდობას და წერს, რომ ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არის მიმართული იმისკენ, რომ მათ შეუქმნან თავისუფალი და ცივილიზებული გარემო:

"ჩვენმა თაობამ კარგად ვიცით და გამოვცადეთ საკუთარ თავზე, როგორი არ უნდა იყოს სისტემა და მაქსიმალური ძალისხმევა გვაქვს მიმართული ისეთი ქვეყნის შესაქმნელად, სადაც სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, პიროვნული ინდივიდუალიზმი იქნება არა დაპირება, არამედ - ფაქტი."

რაც შეეხება რეპერების დაკავებასთან დაკავშირებულ ვითარებას, პრემიერის მტკიცებით, პროკურატურა უმოკლეს ვადაში შეისწავლის აღნიშნული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

პარალელურად, ამ წუთებში, თბილისში, პარლამენტის შენობასთან Birja Mafia-ს წევრების მხარდამჭერ აქციაზე ათასობით ადამიანია შეკრებილი.