პროკურატურა Birja Mafia-ს წევრებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას აღარ მოითხოვს. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას," - აღნიშნავენ პროკურატურაში.

ამავე განცხადებით ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სამართალდამცავების მხრიდან, Birja Mafia-ს წევრების დაკავების დროს, მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 3691 (სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია) და 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით დაიწყო.

პროკურატურამ Birja Mafia-ს წევრები რამდენიმე საათის წინ გამოკითხა. გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორში მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას გამოკითხვა რამდენიმე საათი გაგრძელდა.

Birja Mafia-ს წევრები, გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.