ბაქოში ოფიციალური ვიზიტისას, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, კულტურისა და ტურიზმის მინისტრს, ბოლოს კი პრემიერმინისტრს შეხვდა.

გახარია პრემიერ არტურ რასიზადესთან შეხვედრას "ნაყოფიერად" აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაღრმავდეს.

ეკონომიკის მინისტრი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პარტნიორია:

"ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით აზერბაიჯანი არის საქართველოსთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ქვეყანა, რომელიც ამ მიმართულებით პარტნიორი ქვეყნების ათეულში პირველ ადგილს იკავებს და ჩვენ გვსურს, რომ ტურიზმის სექტორში ურთიერთანამშრომლობის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდოს".

გიორგი გახარია ქართულ დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანში 2 დღეა იმყოფება. ის მიიჩნევს, რომ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები "განსაკუთრებული სტიმულია" ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების "კიდევ უფრო მაღალ დონეზე" განვითარებისთვის.